ვარდების რევოლუცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, რომლის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე და ამ დღის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინს ივანიშვილის ხელით ჰყავს უკანონო პატიმრობაში, რაც არის დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ დაენგრია ის ყველაფერი, რაც მოიტანა ვარდების რევოლუციამ.
„დღეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. ვარდების რევოლუციიდან გავიდა ზუსტად 21 წელი. ვარდების რევოლუცია, რომლის შემდეგაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდა როგორც ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის იქცა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო იყო ყველაზე მებრძოლი ქვეყანა კორუფციასთან, გაჩნდა პერსპექტივა, იმედი. ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები, ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, არ წყდებოდა მათი ნაკადი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადამიანთან, რომელიც არის ამ დღის მთავარი შემოქმედი და დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის, პუტინის ტყვეობაში ივანიშვილის ხელით ეს არის ეროვნული სირცხვილი, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, პუტინის პირადი ტყვე და დღეს არის მართლა უმნიშვნელოვანესი დღე. აქ მოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამართლიანობას, აუცილებლად დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას დასავლურ რელსებზე. 12 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ დაენგრია ის ყველაფერი, რაც მოიტანა ვარდების რევოლუციამ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ დავაყენოთ ევროპულ გზაზე, ჩვენს ქვეყანაში ისევ დავაბრუნოთ აღმშენებლობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ რუსეთი, რუსული მმართველობა და რუსული რეჟიმი.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.