დღეს ვარდების რევოლუციის 21 წლისთავია. სამწუხაროდ, ყველამ, ვინც ვარდების რევოლუციის ავანგარდში იყო, გარდა ერთეულებისა, დაივიწყა ვარდების რევოლუციის ამოცანები , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ზოგი პრინციპებს იცვლის პარტიის გამო, ზოგი კი პარტიას - პრინციპების გამო. დღეს ვარდების რევოლუციის 21 წლისთავია. სამწუხაროდ, ყველამ, ვინც ვარდების რევოლუციის ავანგარდში იყო, გარდა ერთეულებისა, დაივიწყა ვარდების რევოლუციის ამოცანები - ის, რომ საქართველოს ისტორიული მისია ევროპული რესპუბლიკის დაფუძნებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთთან თავისუფალი კონკურენციით აღწევენ ბედნიერებას სამართლიან და უსაფრთხო გარემოში.
სამწუხაროდ, რევოლუციამ თავისი შვილების უმეტესობა შეჭამა და პიროვნების კულტს ჩამოკიდებულ, კორუმპირებულ, უპრინციპო უსახურებად აქცია. მაგრამ, ვარდების რევოლუციის იდეებმა თავისი დამოუკიდებელი სიცოცხლე შეიძინა და ის თაობა გააძლიერა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თავისუფალ საქართველოში დაიბადა. ეს ხალხი ჩვენი ხალხია.
დღეს პარტია ფედერალისტები უნდა დარეგისტრირებულიყო. დაგვიხარვეზეს - ვარდისფერი სინამდვილეში წითელიაო. ფერებში გავარკვევთ საჯარო რეესტრს - 10 დღე გვაქვს და მივხვდებით, ბიუროკრატია გვაფერხებს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ვინც ღირებულებით წინააღმდეგობას ქმნის და საკუთარ კარიკატურად ვერ გადააქციეს, არ დაარეგისტრირონ.
მოკლედ, დღეს უნდა დაბადებულიყო ის პარტია, რომელიც საქართველოს ისტორიულ მისიას ბოლომდე მიიყვანს. გვიჭიანურებენ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის - მაინც დაიბადება და მაინც გაიტანს მტრის კარში იმ ბურთს, რომელსაც ჩემმა ქმარმა 21 წლის წინ დაარტყა.
თავისუფალ, ევროპულ, ქართულ რესპუბლიკას გაუმარჯოს, სადაც ყველა თავისუფალი და თანასწორია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.