ხვალ 15:00 საათზე შევიკრიბებით თსუ-თან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ვარდების რევოლუციის 21 წლისთავი, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
“ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მოიტანა გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და რომელმაც მოგვცა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დაგვეტოვებინა ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა და წავსულიყავით წინ ევროპისკენ, რომლის სათავეშიც იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევების და მემკვიდრეობის გამო დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფლებიდან, არამედ გისოსებს მიღმა, თუმცა მისი ხმა უფრო მკაფიოა, უფრო თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული, ვიდრე ოდესმე იქნება იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან ივანიშვილის რუსულ მოღალატეობრივ საქმეს. ასე რომ, მნიშვნელოვანია დღეა ხვალინდელი დღე, ხვალ15:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ვარდების რევოლუცია, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც მოგვცა იმის გაკვეთილი, რომ ტოტალიტარიზმისგან, ავტოკრატიული მმართველობისგან, კორუფციისგან, გაჭირვებისგან ჩვენ ჩვენი თავის ხსნა მხოლოდ ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია. ეს იყო სწორედ ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, თუმცა ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღესაც გვაქვს ჩვენ ეს ძალა, რომ ჩვენი ერთიანობით და ჩვენი ბრძოლით ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა- განაცხადა თინა ბოკუჩავამ