საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ცესკო-მ არჩეული წევრების დროებითი მოწმობები უკვე დაამზადა, ამიტომ ის ცესკოსგან ყველა არჩეულმა წევრმა უნდა აიღოს. რეგისტრაცია 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება. ეს წერილობითია, რადგან პარლამენტის ახალი წევრები ელექტრონულ სისტემაში ჯერ შეყვანილი არ არიან. პარლამენტის პირველ სხდომას მისი უხუცესი წევრი, ლადო კახაძე წარუძღვება". - თქვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
პაპუაშვილმა პირველი სხდომის დღის წესრიგზეც ისაუბრა.
"პირველი საკითხი უფლებამოსილების ცნობაა. ამ პროცესში ცესკოს თავმჯდომარეც ჩართულია. სწორედ მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან მისი 150-ივე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. ამის შემდეგ, შესვენების დროს, ფრაქციები ყალიბდება. შესვენების მერე კი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა და მისი და მისი მოადგილეების არჩევა მოხდება. ბოლოს კი კომიტეტების თავმჯდომარეებს ავირჩევთ". - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, იმავე სასესიო კვირაში პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს და ასევე, დღის წესრიგში იქნება ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება.