ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მგონი, ეტყობა უკვე ოპოზიციას, რომ მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ და საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი. ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი, აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ ღირსება არ აქვთ, როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა. როცა დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, სუფებად შემოვლენ ამ პარლამენტში და ყველამ ეს კადრები აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა. ჩვენ მათ ამომრჩევლებსაც ვაფრთხილებდით, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს, ეს კადრები უნდა ნახოს მათმა ამომრჩეველმა, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და აღმოჩნდება კიდევ ერთხელ, რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.