არ არის გამორიცხული, ოპოზიციიდან ბევრი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს, მართლა თუ უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პირველის სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საუბრისას.
"პირადად ჩემი მოლოდინია, რომ არ არის გამორიცხული, ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს პირველივე სხდომაზე საქართველოს პარლამენტში, თუმცა ახლა ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი. 50/50-ზეა, მაგრამ საბოლოოდ, ისინი გარანტირებულად ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას, რადგან შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისათვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, იციან. პირობითად რომ ვთქვათ, არ იციან, მართლა თუ უნდათ პარლამენტის დატოვება, უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილებას ცნობს. ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, რადგან სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას. მათ შეუძლიათ, ასეთი განცხადებები დაწერონ 25 ნოემბერსვე", - აღნიშნა მდინარაძემ.