რამდენიმე ათეული ადამიანი როდესაც კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე პოლიციის ქმედებებს, იოსელიანის შეფასებით, პოლიციის მხრიდან იყო ძალის გადამეტება.
„პროპორციულობას როდესაც ვაფასებთ, აქედან გამომდინარე ვამბობთ, სად იყო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და სად – დაცული ძალა პროპორციულად. იქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, პროპორციის ნაწილში, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია. რაც შეეხება დაკავებას და პოლიციის ქმედებებს, ამ შემთხვევაში მელიქიშვილის გამზირზე ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით გავავრცელეთ განცხადება და შევაფასეთ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მას შემდეგ, რაც აქციაზე ადამიანების დაკავება დაიწყო და ამის შესახებ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩვენმა წარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში. დაკავების ყველა შემთხვევაზე შესაბამისი საოქმო ჩანაწერი გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.