რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტიცა.
ეს არის რუსეთის ბირთვული დოქტრინის ყველაზე მასშტაბური განახლება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
განახლებული დოკუმენტის მიხედვით, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთს თავს დაესხმებიან არაბირთვული საკრუიზო რაკეტებით, თვითმფრინავებით, დრონებით ან სხვა მფრინავი ობიექტების გამოყენებით.
რუსეთი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ არსებობს მისი ტერიტორიების ნაწილის დაკარგვის საფრთხე.
დოკუმენტის თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია, თუ რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას საფრთხე დაემუქრება. დოკუმენტის წინა რედაქციაში ბელარუსი არ იყო ნახსენები. ამასთან, წინა რედაქცია ითვალისწინებდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას დაემუქრებოდა საფრთხე.
გარდა ამისა, აგრესია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული ქვეყნის მხრიდან ბირთვული ქვეყნის მხარდაჭერით განიხილება როგორც ერთობლივი თავდასხმა;
კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული დოქტრინის განახლების საჭიროება განაპირობა მისი შესაბამისობის აუცილებლობამ არსებულ რეალობასთან.
ამასთან, პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი დოქტრინა შესაძლებელს გახდის ბირთვულ რეაგირებას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტების გამოყენებაზე.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმის უფლება მისცა.