ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა სხდომა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამეს.
კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სხდომის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს.
„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგები, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული. ამით ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დღეიდან შეუწყდათ უფლება-მოსილება და შესაბამისად, დღევანდელი სხდომა მინდა, დახურულად გამოვაცხადო. წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში. მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებ“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი გადალახა 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა:
"ქართული ოცნება" - 53.93% - 89 საპარლამენტო მანდატი;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11.03 %, - 19 მანდატი;
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 10.17% - 16 მანდატი;
"კოალიცია ძლიერი საქართველო" - 8.81% - 14 მანდატი;
"გახარია საქართველოსთვის" - 7.78 %. - 12 მანდატი.
შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას წინ უძღვოდა ხმაური და დაპირისპირება. კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.
ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებენ.