უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება გახდეს სტიმული ვლადიმერ პუტინთან შემდგომი საუბრებისთვის, მაგრამ "მინსკი-3" არ იქნება და უკრაინას რეალური მშვიდობა სჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„დღევანდელი ერთ-ერთი ამბის შესახებ. კანცლერმა შოლცმა მითხრა, რომ აპირებდა პუტინთან დარეკვას. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, პანდორას ყუთია. ახლა შეიძლება იყოს სხვა საუბრები, სხვა ზარები. უბრალოდ ბევრი ლაპარაკი. და ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია უნდა: მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მისი იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შესუსტება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც არაფრით დასრულდება. ისევე, როგორც ამას აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში.
ეს რუსეთს აძლევდა შესაძლებლობას, არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არაფერი გაეკეთებინა არსებითად და სწორედ ამან გამოიწვია ეს ომი.
ჩვენ ახლა გვესმის ყველა ეს გამოწვევა. ჩვენ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ჩვენ გვინდა გაგაფრთხილოთ: არ იქნება მინსკი-3 - ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.