„თქვენ ფიქრობთ, რომ იქ მივედი, როგორც დამკვირვებელი, რომ ფურცლის ხარისხი, მარკერი და კონვერტი შემემოწმებინა? - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის შეკითხვას: “რატომ არ თქვით, როდესაც საარჩევნო უბანზე დაგხვდათ სხვა მარკერი, ფურცელი და ჩარჩოკონვერტი? ხმის მიცემის დროს ადგილზე ვერ დაინახეთ?“.
გვარამიამ განაცხადებით, უცნაური იქნებოდა, ადგილზე მარკერის, ქალაღდისა და კონვერტის შემოწმება დაეწყო.
„თქვენ ფიქრობთ, რომ იქ მივედი, როგორც დამკვირვებელი, რომ ფურცლის ხარისხი, მარკერი და კონვერტი შემემოწმებინა? არ მივსულვარ იქ, როგორც ექსპერტი, მივედი, ხმა მივეცი, როგორც ამომრჩეველმა და გამოვედი. ასე ვერ შეატყობდით ვერც თქვენ და ვერც ვინც აქ ვართ. ჩვენ ხომ ამომრჩევლები ვართ. ადგილზე როგორ უნდა შემეტყო, მარკერი გამჭვირვალეა თუ არა, უკნიდან ჩანს თუ არა, კოვერტი მოკლეა თუ არა, იქ ამის შემოწმებას დავიწყებდი? მით უმეტეს, ხომ იცით, პოლიტიკოსები როგორ აძლევენ ხმას. 20 კამერა მიყურებდა. მარკერის და ქალაღდის გრამაჟის შემოწმებას, მარკერის მელნის და კონვერტის სიდიდის შემოწმებას ვერ დავიწყებდი, უცნაური იქნებოდა. მე ხომ ექსპერტი არ ვიყავი, არც დამკვირვებელი. ყველა დამკვირვებელმა შეატყო ყველგან. აგერ ფურცლებია, ეს ხომ არ გველანდება, რაც არის გამოქვეყნებული. თქვენც ხომ ხედავთ. მართალია, მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობს, ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ვხედავთ, რომ ეს წერტილები უკნიდან ჩანს.
არც მიმიქცევია ადგილზე ყურადღება. პირობითად ვთქვათ, რომ ვერ დავინახე. მე თუ ადგილზე ვერ დავინახე, ესე იგი ფარულობაში პრობლემა არ ყოფილა? არ მიმიქცევია ყურადღება, თორემ ყურადღება რომ მიმექცია, მოვითხოვდი, სხვანაირად ყოფილიყო. ასე არ მიაქცია ყურადღება ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა. თქვენ რა გგონიათ, ამომრჩეველი უყურებს, უკნიდან ჟონავს თუ არა მელანი? მე ვნახე ტელევიზიით მტკიცებულებები მას შემდეგ, რაც ამოიღეს ყუთებიდან. შედეგები რომ დაჯამდა, მანამდე, მიმდინარეობისას იყო გარკვეული საჩივრები, მაგრამ ჩვენ მასობრივად ეს მაშინ ვნახეთ, როდესაც ამოიღეს და ყველა ბიულეტენი უკნიდან დაწერტილი, გაჟონილი იყო, ცხადი გახდა, რაც ხდებოდა. ეს ბიულეტენები რომ ამოვიდა, მივხვდით, იმის იდენტიფიკაცია ხდებოდა, კონკრეტულმა ადამიანმა ვის მისცა ხმა. შეუძლებელია, ყველა ინფორმაციას ფლობდე დღის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.