თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვა დასრულდა.
ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქვთ თავმოყრილი და რომ მან საკუთარი თვალით ნახა მარნეულში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გაყალბების არაერთი ფაქტი.
“კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ. რომლებიც იქ იყვნენ ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, როცა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და იქ ვიყავი მეც, შევესწარი ამ მოვლენას. უბრალოდ უბნის გარეთ ვიმყოფებოდი. ამავდროულად, მივაწოდე ინფორმაცია, როცა უბნიდან გამოაძევეს პირი და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მერე იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. ეს შეუძლია ხვალვე, გამოძიებამ ის ადამიანი ამოიცნოს, იდენტიფიცირება მოახდინოს. არსებობს კადრები და გამოძიება ჩაატარონ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.