ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.
დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არჩევნები გააყალბა, ამიტომ ახლა თავის გადარჩენას დაშინებით ცდილობს.
ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის „ქართული ოცნება“. დემოკრატიულ ქვეყანაში რეპრესიებით ოპოზიციას არ ემუქრებიან. ამიტომ, კობახიძემ გადასარევად იცის, რომ თვითონ არჩევნები მოპარული აქვს, ქართველი ხალხის ხმა მოპარულია, შესაბამისად, სწორედ ამ რეპრესიებით ცდილობს ვინმეს დაშინებას. ეს არის კონკრეტულად სიცილის და ღიმილის მომგვრელი. არავის ეშინია კობახიძის რეპრესიების, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი“.