დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია, - განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, დღევანდელი პერიოდში გაცილებით სხვა სიტუაციაა, ვიდრე წინა წლებში იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს გეოპოლიტიკა შეიცვალა.
„არ არსებობს ურთიერთობები პრობლემების გარეშე და იქ, სადაც არის მეგობრობაზე საუბარი, სადაც არის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. ბუნებრივია, ჩვენც ამ პროცესების ნაწილი ვართ.
დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთობლივად დავძლევთ და ჩვენი ურთიერთობები არა თუ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ თვისობრივად ახალ დონეზე ავა და გამყარდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.