ოპოზიციას ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ღალატისთვის, მათ სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან სირბილი ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს არის გაკოტრებული ხალხი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოისმინა ხალხის განაჩენი. ახლა ცდილობენ, რაღაცნაირად თავი დაიმშვიდონ. სინამდვილეში, მათ ხალხმა უთხრა, რომ უსამშობლო ადამიანების გაერთიანება არიან, საკუთარი კუთხე მიუჩინა პოლიტიკურ ლანდშაფტში. ხალხმა უთხრა, რომ კატასტროფული დამარცხების შემდეგ, რომელიც იწვნიეს არჩევნებში, რასაც შეიძლება აკეთებდნენ, არის ის, რომ ინანიებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის, საქართველოს ისტორიის მიმართ. მათ ვერ უშველის ოფისიდან ოფისში სირბილი სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ ქართველ ხალხთან აქვთ ურთიერთობა და ქართველმა ხალხმა გასცა საკადრისი პასუხი იმ ღალატისთვის, რომელსაც ჩადიოდნენ. ასე რომ, მიიღონ ეს, როგორც განაჩენი, დაფიქრდნენ იმაზე, რა დაუშავეს თავის ქვეყანას და, სულ მცირე, იქნებ ისეთივე მავნე ნაბიჯები აღარ გადადგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა: “ჩვენ ვუთხარით, რომ გამორიცხულია, ჩვენ პარლამენტში შევიდეთ. ამ მხრივ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქნება პროტესტი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და შედეგზე ორიენტირებული. დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. გვინდოდა, რომ ეს ელჩს სცოდნოდა და ვუთხარით, რომ არ ვართ საიმისოდ განწყობილი, ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია გამოყენებული იქნეს ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, სტაბილურობის მისაღწევად. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა რუსულია, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა – ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“