საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც საარჩევნო საკითხებზე საარჩევნო სუბიექტები დავობენ, საქართველოში პარტიები საერთოდ არ მიმართავენ სასამართლოს.
„საქართველოს სასამართლოებში, თუ ზუსტად მახსოვს სტატისტიკა, დაახლოებით 68 საჩივარია შესული. აქედან 64 არის „ენჯეოების“ და ოთხი არის პარტიების, ისიც ერთი პარტიის – „ლელოს“ შეტანილი საჩივრებია, ისიც ეხება სიების მოთხოვნას. ესეც ცალკე პარადოქსია და ამას უნდა დავუფიქრდეთ. სხვა ქვეყანაში, როდესაც არის საარჩევნო დავები, ამაზე დავობენ საარჩევნო სუბიექტები, რადგან ეს ეხება პარტიებს, მათ ხმებს, საბოლოო ჯამში. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან პარტიები თურმე საერთოდ არ მიმართავენ სასამართლოს და უცხო ქვეყნიდან 100%-იანი დაფინანსების მქონე „ენჯეოები“ არიან დაკავებული ქართული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრით.
ესეც ხომ გვაძლევს დასკვნის საშუალებას, რასთან გვაქვს საქმე. აღმოჩნდა და ვხედავთ ახლა უკვე პირდაპირ, ამას ვხედავდით წინასაარჩევნოდ, რომ მილიონერი „ენჯეოები“ რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან, საქართველოში საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ და ახლა ვხედავთ, რომ ზუსტად ეს მილიონერი „ენჯეოები“ უცხოური დაფინანსებით, ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს არჩევნები და ხმა წაართვან მილიონ 120 ათას ამომრჩეველს, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლებსაც წაართვან ხმა და მათი ნების მიხედვით იყოს შემდეგ ხელისუფლებები შერჩეული. ამიტომ ესეც დასკვნაა, რომ ოპოზიცია არაფერს ასაჩივრებს. სულ ჰქონდათ ოთხი კინკილა საჩივარი სასამართლოში, აქედან აპელაციაში წაიღეს სამი, ერთზე თვითონ თქვეს უარი. ძირითადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა გამოუცხადა რამდენიმე უცხოური დაფინანსების მქონე მილიონერმა „ენჯეომ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.