მნიშვნელოვანია, რომ ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის იგრძნონ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ფაქტია, რომ მინიმალური დამოუკიდებლობის დროსაც კი, რომლის დემონსტრირება მოხდა გუშინ თეთრიწყაროში, როდესაც ვლადიმერ ხუჭუამ დაადასტურა სარჩელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო ფარულობა ელექტრონულ არჩევნებზე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და უდიდესი ალბათობით ეს მოხდება ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, მაგრამ რომ გაიგეს აქციის ადგილი და დრო შევცვალეთ, თვითონაც შეცვალეს განხილვის დრო და გადაიტანეს ხვალ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გაიზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენი კოლეგები, რომ ხვალაც აუცილებლად სწორედ აქ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ დატოვოს ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც გახდება იმ უბნებზე საბოლოო შედეგის გაუქმების საფუძველი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც ჩვენ ვიხილეთ პირველ ინსტანციაში, რაც ადასტურებს, რომ თუ თეთრიწყაროში და წალკაში მოხდა ფარულობის დარღვევა და შესაბამისად ამომრჩეველმა ვერ გამოხატა თავისუფალი ნება არჩევნებზე და ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების, ბუნებრივია იმავეს ჰქონდა ადგილი აბსოლუტურად ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც კი ელექტრონული წესით ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოსამართლეს აღმოაჩნდა იმის გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე და კანონის დადგენილი წესით ეხელმძღვანელა იმისთვის, რომ მიეღო ეს სარჩელი და დაედასტურებინა, რომ ფარულობა დაირღვა. ამის გადაფარვას ისინი ვერ შეძლებენ, მაგრამ ეცდებიან გააუქმონ მორჩილი მოსამართლით და მორჩილი მოსამართლის გადაწყვეტილებით. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის იგრძნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.