„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული და მისი ყველაზე მსხვილი დონორი შვედეთის სახელმწიფოა, საქართველოს პარლამენტის საბოტაჟის წახალისებას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი შეიკრიბება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ხაზს ვუსვამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი შვედეთის სახელმწიფოა, ასე რომ, ამ დეზინფორმაციას ან უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ან უარყოს მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის დაუშვებლობის შესახებ. შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, დღეს ორგანიზაცია ავრცელებს ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციას, ამიტომ ან უარყოს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქმე ეხება შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიღების უკიდურესი ვადაა 21 ნოემბერი, თუმცა დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე, გასაჩივრებაზე და სხვა.
„საქართველოს კონსტიტუციით, არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, ეს ერთი; მეორე – პარლამენტის სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს. თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სავარაუდოდ, უფრო მავნებელია, თუმცა შეიძლება უვიციც იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ. მნიშვნელოვანია, მათვე უარყონ ეს დეზინფორმაცია, თან, რაც მთავარია, ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი. ანუ, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, რომელიც, ვხედავთ, არის არჩევნების საბოტაჟის გზაზე, არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი შეიკრიბება. საჭიროა, სხდომას 76 დეპუტატი ესწრებოდეს. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითიც პარლამენტი შედგება. ეს ჩანაწერი 2/3-თან დაკავშირებით ზუსტად ამას ეხება, რომ 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.