სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” დამფუძნებელი, ლონდა თოლორაია წერს, რომ პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა. თოლორაიას ცნობით, ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
"წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:
პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;
ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.
ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.
დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.
პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში" - წერს თოლორაია.