საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ქსენოფობიური კამპანია იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
„არცერთ პარტიას, არც ერთი დელეგატი არ ჰყავდა დასახელებული. ნული. საერთოდ არ ჰყავდათ, არ უთხრეს ხალხს, რომ თქვენი წარმომადგენელი ეს ადამიანი იქნება პარლამენტში. მათ არ ჰყავდათ გამსვლელ სიებში რეგიონიდან კანდიდატები, რომლებიც რეგიონების სახე იქნებოდნენ, სადაც იმერლები, კახელები, აჭარლები, ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ჩემი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გასვლით სიებში, საერთოდ არ ჰყავდათ, ერთ პარტიას ჰყავდა მხოლოდ და ისიც იმ რეგიონის წარმომადგენელი არ არის, სადაც გარკვეული ეთნოჯგუფები კომპაქტურად არიან დასახლებული. საერთოდ არ ჩაუტარებიათ რეგიონში კამპანია.
ნახავდით, რომ იყო რამდენიმე ჩასვლა კამერების თანდასწრებით. რეგიონში, სხვათა შორის, არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისს მიღმა რეგიონს, თბილისსაც ვგულისხმობ. თბილისის ოლქებში მათ შეხვედრები არ ჰქონიათ, თქვენც გაიკითხეთ და ჰკითხეთ, თბილისში თუ მის გარეთ, თუ ხედავდნენ ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც სოფელ-სოფელ, უბან-უბან დადიოდნენ და ხვდებოდნენ ადამიანებს. ფაქტობრივად, არ ჰქონდათ კამპანია რეგიონში და ძირითადად, მათი კამპანია იყო ტელევიზია და უცხოელების მხარდაჭერა, მეტი არაფერი. ნული დელეგატი საქართველოს სხვადასხვა ოლქიდან, ამასობაში ჰქონდათ ვიზიტები აშშ-ში, ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, იტალიაში. საარჩევნო კამპანიის დროს, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყვნენ და ადამიანებთან ესაუბრათ, დადიოდნენ და უცხოელებს ელაპარაკებოდნენ.
ამან თავისი შედეგი გამოიღო, ხედავთ, რომ მათი ამომრჩევლები უფრო უცხოელები არიან, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ვხედავთ, გარედან როგორი მხარდაჭერა აქვთ. აქაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აქვს გამართული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს და ზოგიერთ „ენჯეოს“. თუკი შევხედავთ 10 ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მქონე ოლქს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ნახავთ, რომ ეს შერეული ოლქებია, აქ არ არის ოლქები, სადაც შეიძლება მხოლოდ ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული ოლქები იყოს – ნინოწმინდა, ახალქალაქი, საჩხერე, ბოლნისი, მარნეული, ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი, მესტია, წალკა.
რომ შევხედოთ, როგორი იყო მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ: 64 მუნიციპალიტეტიდან და თბილისს თუ ერთ მუნიციპალიტეტად ავიღებთ, 60-ში, ანუ 94%-ში „ქართულმა ოცნებამ“ 50% -ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, აქედან 30-ში მიიღო 60-დან 70-მდე პროცენტის მხარდაჭერა და ეს აჩვენებს საერთო ჯამში, როგორ იყო გადანაწილებული.
ქსენოფობიურ კამპანიებს მათ შორის მედია და „ენჯეოებიც“ აწარმოებენ. როდესაც საუბარი აქვთ ნინოწმინდაზე და ახალქალაქზე, მათ არ ჰყავდათ არათუ დელეგატი დასახელებული, არათუ რეგიონის წარმომადგენელი დასახელებული, არამედ, ეთნიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდათ სიებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში კატასტროფული მარცხი ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
„მაღალი მხარდაჭერის მიზეზები – ჩახედონ. სინამდვილეში, ის კომპლექსური სქემა, რაზეც ისინი საუბრობდნენ, არის ძალიან მარტივი. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. ხალხი მხარს თუ არ დაგიჭერს, ხალხთან თუ არ მიხვალ, რა თქმა უნდა, შენ იქ არ გექნება არანაირი შანსი, რომ გქონდეს კარგი შედეგები და მეორე, ამ არჩევნებზე, ნურავინ თავს ნუ იტყუებს და იმშვიდებს, განსაკუთრებით, ოპოზიციაში. ამ არჩევნებში კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს ერთ რამეს – ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.