ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.
„საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. ვინმეს თუ აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მოვუწოდებ, დააკვირდნენ – საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით გამოსახული. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.
ეს ადამიანები რომ გველაპარაკებიან არჩევნების სისტემებზე, როდესაც იმხელა ცოდნა, გამჭრიახობა თუ უნარები არ აქვთ, რომ აღიქვა, რა არის სლაიდზე – დელეგატები, საარჩევნო ოლქები, ოკუპირებული ტერიტორია. ასე უნდა დავუღეჭოთ, როგორც ჩანს, ყოველ მეორე დღეს ამ ენჯეო საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.