კოალიცია "ძლიერი საქართველო" სიების გახსნას ითხოვს. კოალიციის წარმომადგენლებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს.
ისინი მოითხოვენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები გასაჯაროვდეს. როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, სიებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიზანმიმართულად მალავს, რადგან ეს არჩევნების გაყალბების პირდაპირი სამხილია.
"ძლიერი საქართველოს" სახელით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში. პირველივე დღიდან ვითხოვთ, გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის კვალს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილია დანაშაული, არჩევნების მიტაცება. თუ არაფერი არ აქვს დასამალი ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, მაშინ ამ სიების გახსნა პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მოგვცეს შესაძლებლობას, დავინახოთ სწორედ ის გაყალბების სქემა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ. ამიტომ არ ასაჯაროებენ ისინი სიებს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რადგან დადასტურდეს ქართველი ხალხის ხმის უფლების უხეში მიტაცება და გაყალბება ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.