ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, შეგვიძლია, თვითორგანიზებით გავაკეთოთ, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს მოპარულ არჩევნებს.
„ჩვენი გეგმა – და პირადად ჩემი – არის პროტესტი, მოპარულ არჩევნებთან არშეგუება, ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას, ეს არის გეგმა. ვადას და თარიღს, არ ვიცი, ვინ როდის გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, პროტესტის რა ფორმები შეიძლება ვიხილოთ, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ყველა შემთხვევაში – მშვიდობიანი და არაძალადობრივი.
„მივესალმები ყველანაირ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს, რადგან ჩვენ უკან დგას საქართველო. საერთოდ, არ გამოვრიცხავ არაფერს, უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა ცენტრი, სხვადასხვა ჯგუფი, რათა ხელისუფლებას გავურთულოთ ამოცანა, რომ ჩააცხროს პროტესტი. არ ვიცი, ვნახოთ, კარვების მობილიზება ნიშნავს ალბათ დარჩენის სურვილს. მე ყველანაირ ფორმას მივესალმები და, მათ შორის, თვითინიციატივებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.