ჩვენი საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ხმები მოიპარეს, თუმცა ამის შესახებ არცერთი მტკიცებულება და რეალური ფაქტი არავის წარმოუდგენია. როგორც ჩანს, ტოპტვინებმაც ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს ამბობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ცოტა უფრო სერიოზულად თუ დავუბრუნდებით ამ საკითხს, დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს, „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ. მათ რომ არ ეგონათ, გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის. გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი, ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი ფაქტი ამოვარდება. 81 დადასტურებულ, იდენტიფიცირებულ ფაქტს დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას, რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ. ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს.
„გავიგეთ ჯერ მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი ჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავიანთ მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ. მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არ ქვეყნდება, რადგან თურმე ასე მიაჩნიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.