ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
„მინდა, მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე. პირველი საკითხი: ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვვანს. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა, ან მისი გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომელიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი „ენჯეოების“ მიერ მომზადებული, რომლებიც, ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.