სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ჩვენ ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მოუწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ.
„ჩვენ მოვუწოდებთ იგივე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ყველას დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კიარა, არც ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს. ბნელი მტკიცებულება შეიძლება დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ რაღაც ფეიკებს თუ არაფეიკებს. თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა.
თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, ჩვენ აზრზე არ ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი. კეთილი ინებონ და ეს ნათელი მტკიცებულებები წარმოგვიდინონ ჩვენც, ან პროკურატურას, რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, ან გაასაჯაროონ და წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება, სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ის პრეზიდენტს იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ, ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ. ამიტომ სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ჩვენ ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.