არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგაც, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები არ გამოქვეყნებულა, ორგანიზაციის ხელმძღვანელზე არის უპრეცედენტო ზეწოლა, რომ ეს არ გააკეთოს, – ამის შესახემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სპეკულაციები არ წყდება და ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი პუნქტის გატარებას. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება. რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, თქვენი, ჩვენი, ყველასი, რომ დღეს უკვე გვეუბნებიან 300 000 ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებშიო. ეს რომ არ გაგრძელდეს, ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს, რათა მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არ უნდა მტკიცებულების წარმოადგენა, რომელიც ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება.
„ერთ-ერთი არის მაგალითად, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღეა უკვე არჩევნების დასრულებიდან გასული, დღემდე არ გამოქვეყნებულა. დღემდე არ ვიცით დეტალურად, რა ჩაწერა „სამართლიანმა არჩევნებმა“ თავის დასკვნაში. მათ ქართულ საზოგადოებას მიუგდეს ერთი განცხადება, სადაც შუაში, სხვათა შორის დაწერეს, რომ მათი მონაცემები და ამ მონაცემების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მონაცემებს, ანუ აღიარეს არჩევნების შედეგი. თუმცა იქ არის უამრავი დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა და ISFED-ი არ ჩქარობს, მეტიც, როგორც ისინი აცხადებენ, არც აპირებს ამ მონაცემების გამოქვეყნებას.
უკვე მეორედ გააკეთეს ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიას, არც საარჩევნოს და არც არასაარჩევნოს არ ახსოვს. წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მათ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ახლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისინი საერთოდ უარს ამბობენ მონაცემების გამოქვეყნებაზე. გარდა იმისა, რაც მოგვიგდეს განცხადების სახით, რომ თურმე, ვერიფიკაცია და ა.შ, მათი მონაცემები დაემთხვა, იქ არის უამრავი დეტალი , მათი დაკვირვების შედეგი. მათ უბრალოდ არ უნდათ მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. მტკიცებულების სახით,როგორც ჩანს, სიმართლე არის ასახული. ბევრი ტყუილიც იქნება, მაგრამ ეს ტყუილ-მართალი მაინც გამოაქვეყნონ. და რაც მთავარია, იქ იქნება დაწერილი, რომ ერთი ერთში, პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, რისი გაკეთებაც არ უნდათ და როგორც ჩვენთვის ცნობილია და ეს უკვე ერთხელ, მე პირადად განვაცხადე წინა ბრიფინგზე, ISFED-ის ხელმძღვანელზე არის უპრეცედენტო ზეწოლა, რომ ეს არ გააკეთოს“, – განაცხადა მდინარაძემ.