რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, ათასგვარი მანიპულაციით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, იგი განწირულია მარცხისთვის. ეს დღეებია ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ე.წ. ფეიკ ნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო ის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო, თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ეხება ერთ-ერთ „მილიონერ ქალბატონს“, რომელიც მათი თქმით, ბეჭდებით იჯდა სარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის მათთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი. დანარჩენს ალბათ „თენგო გვეტყვის“.
ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ ამომრჩეველთან საუბარი. რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. არ დატოვეს არცერთი სფერო - სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბულინგი, სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა არჩევნების შედგით.
ეს ადამიანები თავის ე.წ. ფეისბუქ ბაბლში არიან ჩაკეტილები და საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება. არანაირი წვდომა არ აქვთ იმ რეალურ მდგომარეობაზე, რაც ხდება. ასევე, თავისი კამპანიით, ტყუილებით აჯერებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ იგებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.
„2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ მიერ ჩატარებული ყველა გამოკითხვა, ეგზიტპოლი რეალობას აცდენილია. სწორედ ამ მოცემულობით გქონდათ მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოგეტყუებინათ, გეწარმოებინათ ისეთი კამპანია, სადაც ამომრჩეველს აჯერებდით, რომ ვითომ იგებდით. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, საკუთარ თავის გარდა. არავის უსაუბრია პრობლემებზე და მარცხის რეალურ მიზეზებზე. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს აგინეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ. ამბობდით, ახალგაზრდა თაობამ წაგვაგებინა არჩევნებიო, ე.წ. ჯენზის აგინეთ. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია. ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.
ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს. რა ქვეყანა უნდა განდოთ თქვენ? ზამთარში შეიძლება თოვლის გუნდა არ განდოთ, არათუ ქვეყნის მართვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ბოროტებითა და სიბინძურით, რასაც კადრულობდით ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.