კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში - ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა, მანამდე საქართველო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე ჩემპიონი იყო.
"მე უფრო ფართო კონტექსტს მივაქცევ ყურადღებას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს 2023 წლის დეკემბრის თვეში, იმ გაგებით, რომ ის დააკმაყოფილებდა და შეასრულებდა პირობებს და ნაბიჯებს გადადგამდა იმ ვალდებულების შესასრულებლად რაც ნოემბერში იქნა გაცემული და ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა, მაგრამ მაინც საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე საპირისპირო შედეგის მომტანი კანონი მიიღო, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ეს არის ერთ-ერთი კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, ამან გამოიწვია მასობრივი პროტესტები, ასევე კიდევ მოწოდება პარტნიორების მხრიდან ევროპიდან, რომ გაეწვიათ ეს კანონი, რომელიც რეალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, გაიყინა ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს არის ძალიან უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენა, რადგანაც ადრე, მანამდე საქართველო ნამდვილად ჩემპიონი იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე.
საარჩევნო კამპანიაში მმართველმა პარტიამ გამოიყენა ანტიდასავლური და მტრული რიტორიკა, რომელიც თავს ესხმოდა დემოკრატიულ პარტნიორებს საქართველოსი, ევროკავშირს, მის პოლიტიკოსებს, ისინი უფრო მხარს უჭერდნენ კონსპირაციის თეორიებს და რუსეთის მანიპულაციას და მთავრობამ ასევე აღნიშნა, თითქოსდა ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით. არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლები დროით ადრე მიიღეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რამაც შეცვალა ზოგადად საარჩევნო კოდექსი და გაუქმდა ქალთა კვოტები საპარლამენტო სიებში, ასევე შეიცვალა ცესკო-ს შემადგენლობის დაკომპლექტების წესი და ასევე ჩვენ გვესმოდა ძალადობის, დაშინების, სიძულვილის ენის შემთხვევის შესახებ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მმართველმა პარტიამ სცადა, რომ სამართლებრივი გზებით აეკრძალა ასევე ოპოზიციური პარტიები და ქართული ხალხის წინაშე არის არჩევანი, თითქოსდა არჩევანი წარმოსახული იყო, როგორც ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი მმართველი პარტიის მხრიდან, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს იყო არჩევანი საქართველოს გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მის მომავალთან დაკავშირებით.
იყო ნიშნები იმისა, თითქოს ეცდებოდნენ არჩევნების მანიპულირებას, ასევე იყო ინფორმაცია, რომ ხდებოდა ადმინისტრაციული შესაძლებლობებისა და რესურსების ბოროტად გამოყენება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ასევე, იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, რომ მიეღოთ მონაწილეობა კამპანიის ღონისძიებებში და ასევე, ჩვენ, სხვადასხვა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა დოკუმენტების კონფისკაცია. უნდა აღინიშნოს ახლად ჩამოყალიბებული "ანტიკორუფციული ბიურო", ინსტრუმენტალიზებული იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის კამპანიის განმავლობაში.
ყველა ეს ძალისხმევა და ყველა ეს ნაბიჯი ქმნის მთლიან სურათს, რომ ეს ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და მთლიანი ორკესტრირებული სქემა არსებობდა...
ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენი ევროპარლამენტარების გუნდმა ასევე დაინახა და შეამჩნია დაძაბულობა და ქაოსი, ერთ შემთხვევაში ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში, ასევე იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები და ასევე გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები და ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე მის გარეთ. ასევე იყო ზეწოლა სხვადასხვა მხარეებიდან და ეს ეხებოდა მოქალაქე დამკვირვებლებს, ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიის მიმართ, ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ საქართველოში დემოკრატია დაღმა სვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ. იყო ასევე მტრული დამოკიდებულება, დაშინება და კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. " აღნიშნა დამკვირვებელმა.