დაშინება, იძულება და ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე - ასე აფასებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ოუენ მერფი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს.
როგორც ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენას, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ზრდის ეჭვებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად ვერ დააფიქსირა.
„პირველად მოხდა, რომ გაიმართა სრულად პროპორციული სისტემით და პირველად მოხდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები ხდება იმ გარემოში, რომელიც არის პოლარიზებული და ამას თან ახლავს ის ეჭვები და შეშფოთებები, რაც უკავშირდება ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებას. ასევე არსებობდა ცვლილებები, გაუქმდა გენდერული კვოტები და ასევე საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნა შეტანილი.
19 სექტემბრიდან ჩვენ მივლენილი გვყავდა 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი და ასევე ჩვენ ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ კამპანიის პერიოდში კამპანიის შესაძლებლობები იქნა შეზღუდული. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს და თავდასხმებს.
ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, იძულებას და ზეწოლას, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, თუ რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებასაც.
მმართველ პარტიას ჰქონდა დიდი ფინანსური უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით. საჯარო ნდობა და გამჭვირვალობა კამპანიის ზედამხედველობის კუთხით შეზღუდული იყო. ასევე უნდა აღინიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაც", - ამბობს ოუენ მერფი. (სინქრონული თარგმანი).