თბილისის მერი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი გუნდის მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს მადლობას უხდის.
როგორც კალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები; დაცული იყოს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესი. რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ და იდგნენ იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.