ცვლილებები უკვე დადგა, "ქართული ოცნება" არის საპარლამენტო უმცირესობაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის"ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უპრეცედენტო აქტივობაა და 4 -ვე მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
"უპრეცედენტო აქტივობაა. უტოლდება 2012 წელს. ცვლილებები უკვე დადგა, "ქართული ოცნება" არის საპარლამენტო უმცირესობაში.40%-ზე დაბლაა. 4 -ვე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ვულოცავ მათ მხარდამჭერებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ამ გაერთიანებებს შორის მნიშვნელოვნად არის წინ.
ჩვენი და სხვა კოალიციების დამკვირვებლები და წარმომადგენლები ახლა იბრძვიან ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად. მათ მთელი დღის განმავლობაში რთულ პირობებში მოუწიათ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა. ახლა მთავარია რომ დარჩენილ საათებში ყველანი მივიდეთ არჩევნებზე." - განაცხადა ნიკა მელიამ.