„რატომ ხდება ეს ყველაფერი? ერთი მიზეზის გამო, რომ როგორმე დააგდონ აქტივობა, მათ უნდათ, რომ თქვენ დარჩეთ სახლში და არ მიხვიდეთ არჩევნებზე, რამენაირად შეამცირონ ის ჩამორჩენა, რომელიც კარგად იციან, რომ აქვთ.“ - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე საარჩევნო პერიოდში განხორციელებულ დარღვევებსა და ძალადობის შესახებ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, აქტივობა მაღალია, თუმცა მოქალაქეებმა კვლავ აქტიურად უნდა დააფიქსირონ არჩევანი, რადგან გამარჯვება იყოს დამაჯერებელი:
„ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება, იმარჯვებს ევროპული პერსპექტივა საქართველოში, იმარჯვებს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით 12 საათის შემდეგ, როცა პირველადი მონაცემები მიიღეს, ცარიელი მარშუტკებით რომ დადიან, ვერ მიყავთ ხალხი იმიტომ, რომ არავინ მიყვება ხმის მისაცემად, გადავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე.
თქვენ ხედავთ რა ხდება გლდანში, მარნეულში, ბიულეტინების ჩაყრა, ჩვენს წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობა და მანქანების დამტვრევა, ჟურნალისტებზე ძალადობა და თავდასხმა კახეთში და მთავარი კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? ერთი მიზეზის გამო, რომ როგორმე დააგდონ აქტივობა, მათ უნდათ, რომ თქვენ დარჩეთ სახლში და არ მიხვიდეთ არჩევნებზე, რამენაირად შეამცირონ ის ჩამორჩენა, რომელიც კარგად იციან, რომ აქვთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ არჩევნებზე, უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, ხომ ხედავთ, ჩვენი ემიგრანტები როგორ მიდიან, რიგებია, 2000 კმ-დან ჩადის ხალხი საარჩევნო უბნებზე, მადლობა ვინც ახლა წვიმის მიუხედავად დგახართ რიგებში და აძლევთ ხმას, ხოლო ვინც არ მისულხართ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე, პირიქით, ეს ძალადობა უნდა იყოს ჩვენი გააქტიურების ერთგვარი მიზანი, რომ უფრო მეტი მივიდეთ არჩევნებზე. დღეს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ევროპული არჩევანის გამარჯვებას არამხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მთელი მსოფლიო უყურებს, ხედავთ, რომ 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული და ყურადღების ცენტრშია საქართველო. ეს ყურადღება გამარჯვებისთანავე ჩვენ უნდა გადავრთაგმნოთ ძალიან დიდ გამარჯვებასა და აღმშენებლობაში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, არ გაუვიდეს ოცნებას ამ ძალადობრივი მოქმედებებით თავისი, რომ დაგტოვოთ სახლში, არ მიხვიდეთ საარჩევნო უბანთან.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, მოდით საარჩევნო უბანთან, აქტივობა მაღალია, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ, იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს იმდენად დამაჯერებელი, რომ ოცნებას დღის ბოლოს ხმა არ ამოეღებოდეს, მერწმუნეთ, ასე იქნება.
რაც შეეხება მოძალადეებს, განსაკუთრებით პოლიციას მივმართავ, თქვენ ხართ აბსოლუტურად უმოქმედო, ზუსტად იცით, სად ხდება საათების მანძილზე ძალადობა, მაგრამ არ ჩანხართ და ეს არის უკანონო და ძალადობრივ ჯგუფებს ვეუბნები, ხალხო ყველაფერი აღბეჭდილია, სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, თქვენი სახეები ჩანს იქ და რატომ მიდიხართ ამხელა დანაშაულზე თქვენი ბინძური დავალების გამო. პოლიციას მოვუწოდებ, შეასრულეთ თქვენი ფუნქცია, დაიცავით მოქალაქეები, დაიცავით ხალხი, ასე, რომ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ დღის ბოლოს.“- განაცხადა ვაშაძემ.