ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" არის ისტერიკაში, პანიკაში, გადართულია ოკონტროლო ძალადობის მეთოდებზე, რაც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, მარნეულში - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა
ლევან სანიკიძის თქმით, "ქართული ოცნება" მიხვდა, რომ მარცხდება, ამიტომ ძალადობაზე გადავიდა.
"ისტორიულ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მობილიზებას საარჩევნო უბნებთან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები დღეს იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს, ჩვენს კეთილ, ბედნიერ მომავალს, რომელიც აუცილებლად დადგება დღეს, საღამოს 8 საათზე. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ცესკოს 12 საათის მონაცემებით, აქტივობა იმაზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო, ვინც უკვე მივიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ განვითარებას. მე მესმის, რომ დასავლეთ საქართველოში, მეტეოროლოგიური კუთხით მძიმე ვითარებაა, მაგრამ ხალხნო, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე ყველა, რადგან ეს არის ისტორიული დღე და საჭიროა თითოეული ჩვენგანის მხრიდან საკუთარი წვლილის შეტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" არის ისტერიკაში, პანიკაში, გადართულია უკონტროლო ძალადობის მეთოდებზე, რაც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, მარნეულში, სადაც ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრსა და მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარეს - ქერიმოვს, ასევე ვნახეთ კიდევ მარნეულის 69-ე უბანი, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ იპარავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მერე კი მოვისმინეთ ცესკოს თავმჯდომარის სამარცხვინო კომენტარი, რომ ამას რაღაც გამოძიება სჭირდება. არავითარ შემთხვევაში! არავითარი გამოძიება ამას არ სჭირდება და ჩვენ ვითხოვთ მარნეულის 69-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას.
ამასთანავე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კომისიებში, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იცავენ საქართველოს ხვალინდელ დღეს. რომ არა ისინი, რომ არა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ივანიშვილს აქვს სურვილი, მანიპულაციებით დარჩეს ხელისუფლებაში, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, ამას კი აქვს მხოლოდ ერთი გასაღები: დრეს ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, გეკუთვნით თქვენ. თქვენს ხმას აქვს ის გასაღების ძალა, რომელიც ამ ქვეყანას დააბრუნებს იქ, სადაც ყოფნასაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ დიდ სახალხო ზეიმში, მხარი დაუჭიროთ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას. მე მჯერა, რომ აქტივობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და საღამოს რვა საათზე ყველანი ერთად ვიზეიმებთ ახალი საქართველოს დაბადებას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.