ოზურგეთში ძალიან სერიოზული „დარღვევა“ დაფიქსირდა, „გამოგვიჭირეს“, დაიწერა საჩივარი, რომ კომისიის წევრმა ერთ-ერთი ამომრჩეველი გადაკოცნა, ამიტომ ოზურგეთში საშინელი მდგომარეობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არაადეკვატურ საჩივრებს წერენ.
„ოზურგეთში დაფიქსირდა ძალიან სერიოზული დარღვევა, გამოგვიჭირეს და დაიწერა საჩივარი, სადაც ეწერა, რომ კომისიის წევრმა ერთ-ერთი ამომრჩეველი გადაკოცნა. აქედან გამომდინარე, ოზურგეთში საშინელი მდგომარეობაა. ასეთი საჩივრები იწერება, ეს ხუმრობაა, მაგრამ მართლა დაიწერა ასეთი საჩივარი, ალბათ გამოვაქვეყნებთ ამას. იმდენად არაადეკვატურ საჩივრებს წერენ, უნდათ დააფიქსირონ, რომ უბნებზე თითქოს რაღაცა უბედურება, აპოკალიფსი ხდება და წინასწარ შეამზადონ რაღაც ფეიკ გაყალბებისთვის საზოგადოება. ამ შემთხვევაში ამისი ილუსტრაცია ვერბალურად მოვახდინე, მაგრამ მეორე მხრივ, მაგალითად, სადაც არ არის „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, ყველაფერი მშვიდად მიდის, მცირე დარღვევები, რა თქმა უნდა, ყველგან არის, მაგრამ სადაც არიან „ნაცმედიები“ იქ არის აპოკალიფსური სურათი დახატული, თუმცა, მეორე მხრიდან, არის დარღვევების სერიოზული ფაქტები მათ შორის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, რომ საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა, რომელიც „სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“კლასტერიდან არის დანიშნული ამომრჩეველს სამი ბიულეტენი ერთად მიაწოდა და სამივეში ნაცკლასტერში შემავალი პარტია შემოხაზა და სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლები ახლა კომენტარს კომენტარზე აკეთებენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შეგნებულად აწვდიან რამდენიმე ბიულეტენს ერთადო“.
„თვითონ რაც გააკეთეს, ამისი კონკრეტული მტკიცებულება არსებობს, სამი ბიულეტენი ერთ-ერთმა გააცურა, გააპარა და მიაწოდა, სამივეში ერთი და იგივე ნაცური პარტია იყო შემოხაზული და შემდეგ ამ პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ. ასეთი რაღაცები ხდება, მოხდება, იქნება, მაგრამ ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ამ არეულობის და პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წყნარი იყოს სიტუაცია, ეს გამოგვივა და დღეს ძალიან მყარად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ, ამაში აქტივობამ და ხალხის განწყობამ დამარწმუნა. წეღან ჩემს მეუღლეს ვეხუმრებოდი, გარკვეული სოციოლოგიური კვლევა ტარდება-მეთქი, ვინ როგორ გვესალმება, ვინ როგორი განწყობით არის და ამ ჩემი სოციოლოგიური კვლევით, ასე ვთქვათ, სამოცდაათი ოცდაათზეა რასაც მე დღეს აქ ვუყურებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.