ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბანი ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და კენჭისყრის დღეს გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკოს განმარტებით, კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა 22 ოქტომბერს დატოვა, თუმცა არც ერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მიუმართავს.
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც. ამასთან, 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.
იმ შემთხვევაში, თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად, ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.
დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.
ამჟამად ისრაელის საარჩევნო უბნის კომისიას ჰყავს 7 წევრი, შესაბამისად, საარჩევნო უფლების მქონე ყველა მოქალაქეს ხმის მიცემა რამათ განში, ჟაბოტინსკის N7-ში, 08:00 საათიდან შეეძლება.