“ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ.”- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, “ოცნების” მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს:
“ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები განისაზღვრება. მინდა გითხრათ ერთადერთი, მცირე, მინიმალური, რასაც არის მოჭიდებული “ქართული ოცნება”, რომ 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩეს ბევრი ხმა, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ყველა თანამემამულეს, არ არის ახლა რისკის დრო, გთხოვთ გააკეთოთ არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც გარანტირებულად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, ვართ ყველაზე სანდო, გარანტია, რომ დავამარცხებთ “ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ნუ გაფლანგავთ თქვენს ხმას, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 2016 წელს 21% ხმებისა დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ, 2020 წლის არჩევნებს თუ ავიღებთ, დაახლოებით 20-23% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ. ახლა რისკის დრო არ არის, ამიტომ, 5 ნომერი, მისი გაფერადება არის გარანტირებული გზა, რომ საბოლოოდ დამარცხდეს ოცნება და საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა.
ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ გაფლანგოთ თქვენი ხმა, დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ყველაზე სანდო და გარანტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირობოდ დაამარცხებს ივანიშვილს და მოიშორებს “ოცნებას” და წავალთ წინ ევროკავშირისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხვალინდელ რეფერენდუმში, 5 ნომერი ამის გარანტიაა.”- განაცხადა ვაშაძემ.