ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანს ჰკითხეს: „როგორია თქვენი ხედვა სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე, ასევე, ამავე კონტექსტში, რას ფიქრობთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა“.
სალივანის თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყნის მომავალი საბოლოოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. არამგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის", - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.