ოპოზიციის სახით გვაქვს პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელსაც იმისი თავიც კი არ აქვს, მთავრობა დააკომპლექტოს ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვის, საერთო ჯამში, არიან მარიონეტები - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის სახით გვაქვს პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელსაც იმისი თავიც კი არ აქვს, მთავრობა დააკომპლექტოს ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვის. საერთო ჯამში, არიან მარიონეტები და მოქმედებენ, როგორც მარიონეტები. წარმოგიდგენიათ, პარტიები არიან, არჩევნებში მონაწილეობენ, მათი მიზანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, თუ ჰქონდეთ რაღაც მხარდაჭერა და იმასაც კი ვერ ბედავენ, თქვან, ვინ არის მათი მთავრობის შემადგენლობა. ამასაც კი ვერ ბედავენ, ვინაიდან დამოკიდებული არიან იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებენ. ეს ინსტრუქცია მიღებული აქვთ უკვე დიდი ხანია და სინამდვილეში ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობაც მათთვის დიდი ხანია, ცნობილია. უბრალოდ, ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ მომენტშიც, უკვე მათი მომხრეებიც კი მიხვდებიან, რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს ჩააბარო ერთი იოტა ძალაუფლებაც კი, ხალხი, რომელიც ეუბნება თავის ამომრჩეველს, რომ მოდის არა იმისთვის, მათი ინტერესი გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ დაელოდება ინსტრუქციას, რას ეტყვიან გარედან, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ვინ იყოს კულტურის მინისტრი. ასე რომ, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომელიც იმოქმედებს უცხო ქვეყნების დაკვეთით, მითითებებით, ჩვეულებრივად გვთავაზობენ მარიონეტული ხელისუფლების არჩევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს.