პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.
„ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში.
მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ „ბლექ სი პეტროლიუმს“, მის ხელმძღვანელობას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.