მოვისმინეთ, რომ ფულის გამო, მილიარდების გამო, ქვეყნის საგარეო ინტერესებით ვაჭრობდა - ასე ეხმაურება გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს.
"ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ"- თქვა გახარიამ, რის შემდეგაც მას განცხადება გააწყვეტინა და შეკითხვის დასმა სცადა, ისევ იგივე სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა, საიდანაც წუხელ ივანიშვილი იმუქრებოდა:
"მეტი რომ ვერაფერი შეძლო, "იმედიდან" პროვოკატორი გამოგვიგზავნა" - აღნიშნა გახარიამ და განაგრძო, რომ გუშინ საზოგადოებამ რეალურად იხილა სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელმაც გახარიას თქმითვე, "თავის მომხრეები რომ დაემშვიდებინა, დიდ მიღწევად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების ელჩს შევუთანხმდი და არჩევნების შემდგე შევხვდებიო."
რაც შეეხება მუქარას, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი აღნიშნავს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამ მუქარას ვერ განახორციელებს:
"ეს არის გასაოცარი დემოკრატიის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი. პირველი რაც მოხდა ისაა, რომ გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემ გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა, ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა. ისეთ რაღაცებს საუბრობდა, მე არც გავცემ პასუხს. " აღნიშნა გახარიამ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა: "ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ“.