მივმართავ ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული: ვინმე ნებისმიერ დონეზე თუ იტყვის, რომ ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის გამორთმევა ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, უთხარით, რომ ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მდინარაძემ ამომრჩეველს მოუწოდა, არავის გადასცენ პირადობის მოწმობა.
„როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკთემად უნდათ, აქციონ. ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ, გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვა, თავად უკეთ მიხვდებიან). ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ აქტივს: საერთოდ არაფერში გვჭირდება კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც მცირე გადახვევაც კი. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ. ამიტომ, თუ ვინმე, ნებისმიერ დონეზე იტყვის, რომ ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის გამორთმევა ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ, პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.
რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად: რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე. ამ არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს. თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში. ხვალ კი, საღამოს შვიდზე გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.