მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა 2021 წელს გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.
„გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული ბრძანების გამო გადადგა – მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი ჰქონდა. ეს იყო შემზადება არეულობისთვის, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, რათა ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ. საქართველო პოლიგონი უნდა გამხდარიყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა.