გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს, ევროკავშირი არის წარმატების ისტორია. ეს არის მშვიდობის პროექტი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.
ორი დღის წინ მე თბილისში კიდევ ერთხელ ვნახე ევროკავშირის უამრავი დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის, ბედნიერების მომენტი. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, და მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ლამაზ საქართველოში.
როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ვუყურებ სხვა ქვეყნებს, როგორ მიდიან წინ ევროკავშირის წევრობისკენ და საქართველო, წინსვლის მაგივრად, უკან მიდის.
შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს.
ევროკავშირი არის წარმატების ისტორია. ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების გარანტია ყველასთვის და არამხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანისთვის, რომლებიც ლიმუზინებით დადიან.
შეხედეთ ჩემს ქვეყანას, რომელიც 30 წლის წინ ბანკროტი იყო, ახლა კი წარმატების მაგალითია სწორედ ევროკავშირის წყალობით. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, საშუალება მიეცა, რომ უდიდესი ცივილიზაციური ნახტომი გაეკეთებინა და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენის მხრივ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს თქვენი ქვეყანაა და თქვენი არჩევანია." აღნიშნა ჰერჩინსკიმ.