გასაგებია, რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში. იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, მათ პატრონები ჰყავთ და თავად არაფერს წყვეტენ, აბსოლუტურად მონური დამოკიდებულებაა, რომ იცოდეთ, ყველაზე მძიმე ხვედრი აქვთ, მაგრამ მათ ეს როლი მოსწონთ, რომ რასაც გარედან გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. ამიტომ მოიგონეს რაღაც, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, რადგან იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, რომ საზოგადოების შეეშინდათ, ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა, არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გატანაში მას ლომის წვლილი აქვს. მისივე თქმით, ლგბტ საზოგადოებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, თუმცა პროპაგანდა დაუშვებელია.
"რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი. „ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც, არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება, ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა, რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ, რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა. მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, არავინ შედის და არავინ არავის მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის, რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.