მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა. ხმების უმეტესობის დათვლის შემდეგ, შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მოლოდვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს საარჩევნო შტაბისთვის, ასევე ექსპერტებისა და მედიისთვის.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა სანდუმ არათუ ვერ შეძლო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვება, არამედ ნავარაუდევზე საგრძნობლად ნაკლები ხმები მიიღო.
მოულოდნელი აღმოჩნდა რეფერენდუმის პირველადი შედეგებიც. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.3%, რომელთაგან 50.08% ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერს, 49.92% კი ეწინააღმდეგება.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა მაია სანდუმ, სადაც "დემოკრატიაზე უპრეცენდეტო მასშტაბის თავსდასხმაზე ისაუბრა".
მოლდოვაში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა მოხდა. ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებთან ერთად მომუშავე კრიმინალური დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანას თავს დაესხნენ ფულის, ტყუილის, პროპაგანდი, ასევე ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით, რათა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ხაფანგში მიეტყუებინათ. ჩვენ გვაქვს აშკარა მტკიცებულებები, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აპირებდნენ სამასი ათასი ხმის მოსყიდვას“, - თქვა სანდუმ.
წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროდასავლელი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 41.89%-ით ლიდერობს, პრორუსი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო ხმების 26.36%-ით მეორე ადგილზეა.
ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50%-ზე მეტი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.