პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს ქვეყნის ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა. გარედან ვერავინ უბრძანებს ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა, რომ ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა ნულია. როდესაც ხელისუფლებაში იყავი, გერქვა პოლიტიკოსი, გქონდა პოლიტიკური პარტია და აკადრე ხალხს ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინ უნდა ენდოს ასეთ ადამიანს?! ციხეებიდან გამოჰყავდათ, აუბედურებდნენ, კლავდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ტელევიზიები „ჯიბეში ედოთ“ და ვინ უნდა მისცეს მაგათ ხმა?! თუ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხალხს მახსოვრობა არ აქვს და დაავიწყდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! დღეს რომ გამოდიან და პოლიტიკურ პარტიებზე რაღაც სახელებს ირქმევენ - გვარამიამ რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას, ხომ ვიცით ვინ არის და რისი მკადრებელია?! იგივე ხაზარაძე, ყველა, ავიღოთ სათითაოდ და ჩამოვთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები. ხალხს, რა თქმა უნდა, აღიზიანებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი, რასაც „ეპოტინებიან“, გარე ძალებია, რომ როგორმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს“, - განმარტა თბილისის მერმა.