ყველაფერი ნათელია აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
„დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისი, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. დღეს ის საქართველო, რაც დღეს დგას ჩემ წინ არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ რომ უთხრეს, რომ მოდი, თუ არადა სამსახურს დაკარგავ. არავინ არ არის მოსული, არც ერთი სტუდენტი, იმიტომ რომ უთხრეს, რომ თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო, ოღონდ გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.
მე მინდა მივმართო მაია სანდუს - მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე, ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!
მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, აქედან, თქვენგან, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული. და ერთად შევალთ ევროპაში!
მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში. და შევალთ ევროპაში! და არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე "თუ" ან "რომ". ყველაფერი ნათელია აქ უკვე გამარჯვებული არის საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი! მადლობა თქვენ! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.