კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპული საბჭოსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს გამოეხმაურა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების პირობებში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია. ჯაფარიძემ ასევე თქვა, რომ მმართველ გუნდს სურს, ქვეყანა რუსული იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდეს.
"ქართველმა ხალხმა არაერთხელ, მტკიცედ განაცხადა, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ისინი ამ იდეის ირგვლივ სრულ კონსოლიდაციას განაგრძობენ. შესაბამისად, ეს არის ყველა ეროვნული ძალის ამოცანა და მიზანი, რომ ხალხის გადაწყვეტილება განახორციელოს და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, ქართველი ხალხის ოცნება და მიზანი მიღწეული იყოს. ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ევროპელების, ევროპელი ლიდერების ლანძღვასა და ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში ეჯიბრებიან. მათი ერთადერთი ამოცანაა, რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.
ცხადია, ქართული ოცნების მხრიდან იმის მცდელობა, რომ კვლავ ჩვენი მოქალაქეების მოტყუებასა და გაცურებას შეეცადოს, რომ თითქოს, მათ რაიმე, მცირედი მიზანი მაინც აქვთ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, სრული სიყალბე და სიცრუეა. სწორედ ამის მხილებას ემსახურება ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებები. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დარჩეს და მისი მიზანი აღასრულოს, რომ ქვეყანა ევროპულ ოჯახს სამუდამოდ დააშოროს და ის რუსული იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახადოს". - თქვა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.
დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მთავრობის ქმედებებისა და განცხადებების შედეგია.
მისივე თქმით, თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აიკრძალება, მედია თავისუფალი არ იქნება და ადამიანის უფლებები დაირღვევა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს ვერ გახდება.