აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციას ეხმიანება.
„ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“,- აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს „ჰამასის“ ლიდერები.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არ შეუძლია, თავი დააღწიოს სამართალს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამას. ჩემი ისრაელელ მეგობრებისთვის, ეს უდაოდ შვების და მოგონებების დღეა, იმ დღის მსგავსი, როდესაც 2011 წელს პრეზიდენტმა ობამამ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა“,- განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, სინვარი იყო გადაულახავი დაბრკოლება ისრაელელებისა და პალესტინელების უკეთესი მომავლისთვის.
„ეს დაბრკოლება აღარ არსებობს. თუმცა, ჩვენს წინაშე ბევრი სამუშაო რჩება“, – აცხადებს ბაიდენი.
დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მათი დასასრულია.
„დღეს მე ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა გაცნობოთ, რომ იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია... სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენი ჯარისკაცებისგან გარბოდა”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.